კურორტების შექმნა, საქართველოში იწყება XIX-ს I ნახევარიდან, თუმცა ქართველი ხალხი ძველთაგანვე იყენებდა მინერალურ წყლებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და მთის ჰავას - ადამიანთა გაჯანსაღების მიზნით. კურორტების ძირითადი ნაწილი მდებარეობს ზღვისპირა და მთიან რაიონებში. საქართველოს მთიანი ზონა გამოირჩევა ულამაზესი ლანდშაპტებით, ჯანმრთელი ჰავითა და მრავალრიცხოვანი წყაროებით. მთის ჰავის დადებითი სასარგებლო სამკურნალო თვისებები - სუფთა ჰაერი, მზის (მათ შორის ულტრაიისფერი) რადიაციის ინტენსივობა, რის გამოც იგი უფრო აქტიური ხდება, ზაფხულში ზომიერი ტემპერატურა (დაბლობ ზონასთან შედარებით) - ასევე ხელს უწყობს დასვენებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კლიმატური პირობები დაბალმთიან (500-1000 მ. ზღვის დონიდან) და საშუალმთიან (1000-2000 მ. ზღვის დონიდან) ზონებში, სადაც თავმოყრილია სამთო-კლიმატური და ბალნეოკლიმატური კურორტები. ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე უმთავრესად სჭარბობს ბალნეოლოგიური კურორტები (ნაბეღლავი, ზვარე, ნუნისი, ტყვარჩელი). ზღვის დონიდან 700-1000 მ სიმაღლეზე - ბალნეოკლიმატური კურორტები (ბორჯომი, საირმე, უწერა, სურამი), ხოლო 1000-1500 მ სიმაღლეზე - სამთოკლიმატური კურორტები (აბასთუმანი, წაღვერი, ცემი, ჯავა, კოჯორი, კიკეთი. მანგლისი). საკურორტო მიზნით ზონა ზღვის დონიდან 1500-2000-მ სიმაღლეზე გამოიყენება ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყენებენ (შოვი, ბახმარო). აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი კურორტია ბაკურიანი. მთის ზონაში განლაგებულ კურორტებზე წარმატებით მკურნალობენ ფილტვის ტუბერკულიოზს, ბრონქიალურ ასთმას, სისხლნაკლებობას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ზოგიერთ ფორმას, ნევროზებს, და ა.შ.
შესანიშნავი კლიმატური პირობებისს მქონე შავისზღვისპირეთი წარმოადგენს კურორტების განვითარების უმნიშვნელოვანეს ზონას. ამ ზონაში განლაგებულია ძირითადად, კლიმატური კურორტები - გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, გუდაუთა, სოხუმი, ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ურეკი და სხვ. კლიმატი აქ ნოტიო კუბტროპიკულია რბილი ზამთრითა და ხანგძლივი ცხელი ზაფხულით. კლიმატური თერაპია მაღალეფექტურია მთელი წლის მანძილზე. ზღვის ჰავა წარმატებით გამოიყენება სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოების დაავადებათა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.
კურორტული დასვენების და მკურნალობის კომპლექტში დიდ მნიშვნელობას იძენს მინერალური წყლების გამოყენება. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა ტიპის მინერალური წყალი და არის 2000-ზე მეტი მინერალური წყარო. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემების, გინეკოლოგიური, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა მკურნალობას, პროფილაკტიკას და რეაბილიტაციას საქართველოს კურორტებზე. მინერალური წყლების ყველაზე გავრცელებული ტიპის - ნახშირორჟანგიანი - ბაზაზე მოქმედებს ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტები - ბორჯომი, შოვი, უწერა, ნაბეღლავი, საირმე და სხვ.
მაღალი თერაპიული თვისებები ახასიათებს თერმულ სულფიდურ, რადონურ, აზოტოვან, სალიციუმიან მინერალურ წყლებს, რომლებიც გამოიყენება სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ეს წყლები გამოიყენება წყალტუბოს, თბილისის, ნუნისის, ტყვარჩელის, გაგრის, სოხუმის, მახინჯაურის, ზეკარის, ასპინძის კურორტებზე.
ბუნებრივი ფაქტორების სიმდიდრის და მრავალფეროვნების გამო საქართველოში 340 საკურორტო ადგილია გამოყოფილი, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის განმტკიცების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაკტიკისათვის. საკურორტო ადგილებისათვის დამახასიათებელია სასურველი ჰავა, მინერალური წყლების ან სამკუნალო ტალახების არსებობა. ზოგი კურორტი კეთილმოწყობილია: აშენებულია კოტეჯები, პატარა სააბაზანო შენობები, მოწყობილია მინერალური წყაროების ბუნებრივი სადენები. საკურორტო ადგილის ათვისება წარმოადგენს დიდ რეზერვს სხვადასხვა სამედიცინო პროფილის საკურორტო საწსებულებების ფართო ქსელის მშენებლობისათვის, ახალი კურორტების შექმნისათვის
ახტალა
ახტალა, ტალახით მნიშვნელობის სამკურნალო კურორტი ქ, გურჯაანში, თბილისიდან 122 კმ-ზე, ზღვის დონიდან 412 მ. ჰავა ზომიერი კონტინენტური: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 700 მმ. კურორტის სამკურნალო ფაქტოის ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის. მას მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (დაარსდა 1928 წ.) დ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.
ახტალაში არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო (ტალახსამკურნალო) ჩვენებები: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გნეკოლოგიური დაავადებანი. სეზონია აპრილ-დეკემბერში.
ბახმარო
ბახმარო, რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2000 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. უახლოეს ტკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 80 კმ. კლიმატური თავისებურებები: ზღვის და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა - 5,2° C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4° C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73 %. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლჩაქცევები, ნევრასთენია, ლიმადენტი. სეზონია - ივნისი-სექტემბერი.
ბათუმი
ბათუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ღრმა ყურის სამხრეთ ნაპირზე. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულილა კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით - მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ. ის მნიშვნელოვანი სამრეწველო და საკურორტო ქალაქია, მსხვილი პორტით. აშენდა თამარის ციხე-სიმაგრის ადგილას. ბათუმისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვიწრო, (2-დან 7 კმ.-მდე სიგანის) 35 კმ სიგრძის სანაპირო ზოლზე, განლაგებულია ზღვისპირა კურორტთა ჯგუფი - მახინჯაური, მწვანე კონცხი, ქობულეთი. ეს ადგილები ძალიან ლამაზია ციტრუსების პლანტაციებით, მაგნოლიის, პალმების, ბამბუკის, ევკალიპტის და დაფნის ხეების კორომებით. ბათუმის ჩრდილოეთით მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, სადაც თავმოყრილია ტროპიკული და სუბტროპიკული ფლორის მდიდარი კოლექცია. ბათუმის კლიმატი ნოტიო და სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,5 ° C, იანვარში საშუალო ტემპერატურა 7,1 ° C, აგვისტოში 23,2 ° C. ნალექები 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე 81%. ხშირია კოკისიპირული წვიმები. ბათუმის სამკურნალო საშუალებები - კლიმატოთერაპია და ზღვის აბაზანები. ზღვის წყალი თბილია; ახასიათებს ტემპერატურის მუდმივობა და მაღალი მინერალიზაცია. ზღვის ნაპირი დაფარულია გრავიუმის და სილის ფენით; გამოირჩევა ზღვის დონისადმი დამრეცი დახრილობით. ბათუმში არის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და "ბათუმის რივიერა" - დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიზმის, ისლამის, იუდაიზმის. ბათუმში არის ბათუმისა და სხლართის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ბეშუმი
ბეშუმი, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი აჭარაში ხულოს რაიონში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ. ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ. მდიდარია წიწვიანი ტყეებით. ზაფხული ზომიერად გრილია (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0° C), ზამთარი ზომიერად რბილი (იანვარში საშუალო ტემპერატურა - 5,0 ° C). მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. სეზონია ივნისი-სექტემბერი.
ბორჯომი
ბორჯომი, ქალაქი-კურორტია აღმოსალეთ საქართველოში და ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლილთა მოსახლეობას. ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნარძალის აღმოსავლეთით. იქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ. გორკი, პ. ჩაიკოვსკი, ი. სტალინი, გ. დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის სახელგანთქმული მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს №1 საექსპერტო პროდუქცია. აქვეა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრესციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომი არის ბორჯომისა და ახალქალაქი ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. 2005 წლის 22 ივნისს საქათველომ ბორჯომი ბაკურიანთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.
http://forum.gol.ge